მიხეილ სარჯველაძე: ის, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული სტანდარტი არ არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი

მიხეილ სარჯველაძე: ის, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული სტანდარტი არ არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი

ის, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული სტანდარტი არ არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბარიერის დაწევა არ არის ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები ყალიბდება მხოლოდ უბრალო, მიზანშეწონილების კუთხით.

„რა არის ჩვენთვის ამ წუთას უფრო ხელსაყრელი, რომ მაგალითად „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს [პარლამენტში]. ასე რომ იყოს უფრო ვიქნებოდით მოტივირებული, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება დაბალი ბარიერის პირობებში და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა გასჩენოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მაგრამ ამას ასე არ ვუყურებთ იმიტომ, რომ ბარიერზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორია მხედველობაში მისაღები, რაზე დაყრდნობითაც შემდეგ ვაფასებთ რა არის სწორი გადაწყვეტილება. პირველი, 5%-იანი ბარიერი არ არის გაუგებარი ბარიერი, ან ზედმეტად მაღალი. ის, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ამ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული სტანდარტი არ არის 5%. პირიქით, უდიდესი უმრავლესობაა სახელმწიფოებისა, სადაც დაახლოებით იგივე მოდელის მმართველობაა და იგივე კონსტიტუციური წესრიგია, როგორიც საქართველოში. ყველგან 5%-იანი ბარიერია და ეს ნორმალურია. იმიტომ, რომ თუ საპარლამენტო ცხოვრების აქტუალიზაციაზე ავიღებთ სწორებას საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ პარტიების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები არსებობდეს. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ის, რომ რაც შეიძლება ძლიერი და ამბიციური უნდა იყოს ყველა პარტია, რომელიც შეეცდება, რომ არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. მეორე აუცილებლად მხედველობაში მისაღებია რეალობაში არსებული კონიუქტურა. რეალურად არ შეიძლება მხოლოდ სოლო პოლიტიკური პარტიების ქონა ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიულობის ინსტიტუტი იკარგება. შესაბამისად, ამით რა თქმა უნდა ზარალდება ქართული საპარლამენტო ცხოვრება, რომ მოვარგოთ კონკრეტულ საჭიროებას, რომელიც ინდივიდუალურ პარტიებს აქვთ. უმჯობესია, რომ არსებულ წესრიგს თვითონ მოვერგოთ და ვისწავლოთ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.