თუ იქნება მიზანშეწონილობის კუთხით და ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით რაღაც რეკომენდაცია, მოგვიწევს ამაზე მსჯელობა და ამ მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა შეიძლება იყოს მისაღები და რა არა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა. მან მაგალითად ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ცვლილებამ პროცესი ჩიხში შეიყვანა.
„თუკი იქნება რეკომენდაცია, რომ აღდგეს არსებული წესი, პირადად ჩემთვის ეს არ იქნება მაინცდამაინც გასაზიარებელი რეკომენდაცია, იმიტომ რომ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება კარგ წესად მიიჩნეოდეს მოკლე ვადით იმ თანამდებობაზე პირის არჩევა, რომელსაც უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი ვადით დანიშვნა, არის ერთ-ერთი გარანტია, რომელიც დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. აღიარებულია, რომ თუ გვინდა თანამდებობის პირი იყოს დამოუკიდებელი, მას უნდა ჰქონდეს ხელშეუხებლობის გარანტია და მას უნდა ჰქონდეს თანამდებობაზე ხანგრძლივად ყოფნის უფლებამოსილება“, - მიიჩნევს სარჯველაძე.