საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს „საარჩევნო კოდექსთან", ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

„ჩვენ დავაინიცირეთ  ცესკოს წევრების არჩევის  კვორუმთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ცვლილების თანახმად, ცესკოს წევრების არჩევა უნდა მოხდეს 90 ხმით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უკვე - 76 ხმით.  ეს საკითხი დასკვნისთვის გაგზავნილი გვაქვს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიაში.

ასევე,  ვისაუბრეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ იმ საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომლითაც ჩვენ ეს ორივე უწყება გავაძლიერეთ.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ აინტერესებდათ კონკრეტული საკითხები, იმისთვის, რომ შეძლონ დასკვნის მომზადება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.