გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ გაყალბებული კვლევებითაც კი „ქართულ ოცნებას“ სამჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს და საერთოდ, ალბათ, სახელისუფლებო გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოვა

გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ გაყალბებული კვლევებითაც კი „ქართულ ოცნებას“ სამჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს და საერთოდ, ალბათ, სახელისუფლებო გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოვა

ის ფაქტი, რომ IRI-ს კვლევებითაც კი 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს ოპოზიციური პარტიიდან ვერც ერთი, გარდა „ნაცმოძრაობისა“, მიანიშნებს იმაზე, რომ იმას, ვინც ეს სუბიექტური კვლევა დაუკვეთა, მიზნად აქვს დასახული, დანარჩენი პარტიები „ნაცმოძრაობამ“ ჩაიბას, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაყალბებული კვლევებითაც კი, სულ ცოტა, 2-ნახევარჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს სახელისუფლებო გუნდს საზოგადოებისგან.

„რადიკალური ოპოზიცია მერე სხვას აბრალებს, ორპოლუსიანი სისტემააო. ამ დროს, „ნაცმოძრაობას“ აწყობს, რომ მხოლოდ თავად იყოს ოპოზიციაში.

ასეთი კვლევების შედეგები, ზოგადად, საქილიკო გახდა, რადგან ხალხის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სხვანაირია-ხოლმე. ამავდროულად, მათი ამ გაყალბებული კვლევებითაც კი, ორჯერ და სამჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს „ოცნებას“ და თუ გავითვალისწინებთ ალოკაციის მეთოდს, საერთოდ, ალბათ საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოვა სახელისუფლებო გუნდი. იმიტომ, რომ ამ კვლევებითაც კი ვხედავთ, სულ ცოტა, 2-ნახევარჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს სახელისუფლებო გუნდს საზოგადოებისგან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.