ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით ცარიელ სპეკულაციებს ვისმენთ. ყველა ქვეყანა თანამშრომლობს ჩინეთთან, სხვადასხვა კუთხით პარტნიორობა აქვს, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობაც. ასეთ პირობებში ოპოზიცია მაინც ახერხებს სპეკულირებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდებიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებული აქვს ევროკავშირის არაერთ წევრ სახელმწიფოსაც, დღეს კი უმაღლესი დონის ვიზიტი იმართება აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის.
„ასეთ ვითარებაში აშკარაა, რომ ჩინეთის თემასთან დაკავშირებით ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებს. მათ შორის პარლამენტში გვაქვს მიღებული ორი რეზოლუცია, ორი საპარლამენტო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ აზიის რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქ არის ძალიან დიდი რესურსი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, მეტად განვავითაროთ, მაგალითად, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით ცარიელ სპეკულაციებს ვისმენთ, რასაც არავითარი საფუძველი არ აქვს. ყველა ქვეყანა თანამშრომლობს ჩინეთთან, სხვადასხვა კუთხით პარტნიორობა აქვს, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობაც. ასეთ პირობებში ოპოზიცია მაინც ახერხებს სპეკულირებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდებიან. სალომე ზურაბიშვილიც პირდაპირ გამოვიდა და, პრაქტიკულად, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტის მიმართ. შემდეგ უკან დახევა მოუწია. აქედანაც ჩანს, რომ მის სიტყვებს არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.