საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიასა და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების 2023 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული ინიციატივა, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილებაზე საპარლამენტო რეზოლუციის მიღების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობამ რეაგირების გარეშე დატოვა.
დღეს საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა ნატოსა და ევროკავშირს 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერილი მიმართვა გაუგზავნეს.
„ერთხმად და მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილება. ისევე როგორც, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა!
...მიგვაჩნია, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და როცა ქვეყანა ელოდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას!“ - ნათქვამია მიმართვაში.