ანალენა ბერბოკი: საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, როგორი უნდა იყოს გაწევრიანების პროცესი, რათა მთელმა თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ

ანალენა ბერბოკი: საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, როგორი უნდა იყოს გაწევრიანების პროცესი, რათა მთელმა თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, კანდიდატი ქვეყნები წლების განმავლობაში ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ უნდა იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობა თანდათანობით უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის უპირატესობებით - მანამდეც, ვიდრე ეს ქვეყნების ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

„საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, როგორი უნდა იყოს გაწევრიანების პროცესი, რათა მთელმა თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, კანდიდატი ქვეყნებისთვის უფრო მეტი პროგრამა გაიხსნას, მაგალითად, კვლევების დაფინანსების, როუმინგისა ან სავიზო პროცედურების გამარტივების მიმართულებით.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ არ სურს დაუშვას რაიმე კომპრომისები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით, არა მხოლოდ წევრ ქვეყნებთან, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით.

„მივაღწიეთ კონსენსუსს იმ საკითხზე, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის გეოპოლიტიკური შედეგი იმისა, რომ რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. თუმცა გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც გავაკეთებთ იმას, რისი გამბედაობაც დიდი ხანი არ გვქონდა. უნდა გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირი“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.