რუსეთ-უკრაინის ომი სტატიკური, პოზიციური ბრძოლების ეტაპზე გადავიდა, რაც უფრო რუსეთისთვის არის ხელსაყრელი, ვინაიდან ის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენას შეძლებს, - ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი წერს.
მისი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად უკრაინას ხუთი ამოცანის შესრულება სჭირდება. ესენია ჰაერში უპირატესობის მოპოვება, რადიოელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება, მოწინააღმდეგის არტილერიის მწყობრიდან უფრო აქტიურად გამოყვანა, განაღმვით საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მობილიზაციისთვის გამოსადეგი უკრაინის მოქალაქეების რიცხვის გაზრდა.
ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ წვევამდელების არასაკმარისი რაოდენობის გამო შეიარაღებული ძალების მეთაურობა მოკლებულია შესაძლებლობას, ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები შვებულებაში გაუშვას.
„გარდა ამისა, კანონმდებლობაში გვაქვს ხარვეზები, რომლებსაც მოქალაქეები საკუთარი მოვალეობებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ“, - წერს ვალერი ზალუჟნი.
ის ასევე ამბობს, რომ რუსეთის შესაძლებლობების არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება.
„რუსეთმა დიდი დანაკარგი განიცადა, დახარჯა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, თუმცა მას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ექნება უპირატესობა შეიარაღების, ტექნიკის, რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიმართულებით. უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა ზრდის წარმოების ტემპებს“, - აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.