ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი. მათ აქვთ ბევრ რამეზე ბოდიში მოსახდელი უმრავლესობის წევრებისთვის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა
„ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა იყო აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა პარლამენტის დარბაზში. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი. მათ აქვთ ბევრ რამეზე ბოდიში მოსახდელი უმრავლესობის წევრებისთვის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. ღირსება არ აქვთ, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი ოპოზიციონერები - სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და თეონა აქუბარდიათი დამთავრებული. რაც შეეხება ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „პატარა კაცები“, როცა პრეზიდენტი უზრდელობს, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს, ან პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ. ეს უზრდელობაა და პოლიტიკური შეფასება არ არის. როდესაც მე პოლიტიკურ შეფასებებს ვაძლევ დეპუტატებს, ეს არის სხვა რამე და როდესაც ვიღაცები გამოდიან, უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ეს არის სხვა რამ. ზოგადად პარლამენტს არ შეშვენის არც ასეთი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია“, - აღნიშნა კობახიძემ.