ირაკლი კობახიძე: მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი განვითარებისთვის

ირაკლი კობახიძე: მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი განვითარებისთვის

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თანაპარტიელებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, ეს უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი განვითარებისთვის. ასევე, კარგი იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ შემდეგ პარლამენტშიც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ წააგებს არჩევნებს. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარლამენტში. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. ასეთი სლოგანი გვქონდა 2017 წელს: „ნაცნაკლები, მით უკეთესი“. ანუ, რაც ნაკლები ნაცი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები ასევე მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებაზე.