დღეისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია სასიცოცხლო პარამეტრები, იგივე ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, იგივე რესპირატორული მაჩვენებლები და ზოგადი მდგომარეობის მხრივაც გვაქვს უკეთესობა, - ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა.
„პაციენტი გახდა უფრო აქტიური, შედარებით მეტს მოძრაობს და ასე თუ ისე ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს. თუმცა, სრულად მაინც არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. განსაკუთრებით კვების კომპონენტში. პაციენტი ითვისებს მიღებულ საკვებს. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მიიღოს მეტი ცილის შემცველი პროდუქტები, ხორცეული პროდუქტები, რაზეც პაციენტი თავს იკავებს“, - განაცხადა ჩხაიძემ.