ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე პარლამენტში გუშინდელ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.
„[ირაკლი] ბერაიას მიერ გაჟღერებული ბოდიში არაფერს ნიშნავს. მას ბოდიში არ მოუხდია თეონა აქუბარდიასთვის, რომელსაც პირადად მიაყენა შეურაცხყოფა. მას ბოდიში არ მოუხდია საკუთარი საქციელისთვის, ამიტომ დიახ, ძალაში რჩება ის, რომ ასეთმა გაუწონასწორებელმა ადამიანმა უნდა დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. ყველამ ამის შემდეგ გაითვალისწინოს, რომ სანამ რაიმეს მსგავსს იტყვის, ამას ექნება პოლიტიკური ფასი“, - აღნიშნა სამნიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს „ბანძი“ უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.
მოგვიანებით, პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი შეფასებები თეონა აქუბარდიას მისამართით ემოციურად გადაჭარბებული იყო.