ზურაბ აბაშიძე: სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა 2022 წლის მარტში - კარასინმა მკითხა ჩემი აზრი და მეც დავუდასტურე, რომ 2 ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო

ზურაბ აბაშიძე: სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა 2022 წლის მარტში - კარასინმა მკითხა ჩემი აზრი და მეც დავუდასტურე, რომ 2 ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო

ეს სატელეფონო საუბრები ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ - მასში სკანდალური საიდუმლო არაფერია და ამჯერადაც ასეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ imedinews-თან „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა.

აბაშიძის განმარტებით მას, გრიგორი კარასინთან კომუნიკაცია 2012 წლიდან აქვს.

„ე.წ. პრაღის ფორმატი იმისთვის შეიქმნა, რომ გვესაუბრა სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ თემებზე და ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. წელიწადი და 8 თვეა რაც მასთან არ გვისაუბრია. სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა 2022 წლის მარტში. მან მკითხა ჩემი აზრი და მეც დავუდასტურე, რომ 2 ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს დასტურია იმისა, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ საუბრის შემდეგ კარასინთან მე ეს თემა არ განმიხილავს“, -აღნიშნა აბაშიძემ.

„კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.

აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.