„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური მანდატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
მან პრეზიდენტის დანიაში დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ მას საერთაშორისო ურთიერთობებში კონკრეტული ფარგლები დაუწესა.
„საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი კონსტიტუციური მანდატი. ეს კონსტიტუციური მანდატი მას ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენადაც ის პოლიტიკურად მოტივირებული არ უნდა იყოს, გარკვეულ ფარგლებს განსაზღვრავს, ამიტომ, ცხადია საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ მას საერთაშორისო ურთიერთობებში კონკრეტული ფარგლები დაუწესა, თუმცა, მას აქვს ასევე ვალდებულება, ის არის სახელმწიფოს მეთაური, პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი და კონსტიტუცია ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი შეფასებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.
„ერთადერთი ყველაზე სუსტი და დანაშაულებრივი როლი ამასთან მიმართებით აქვს ხელისუფლებას, რომელიც არაფერს აკეთებდა წლების და განსაკუთრებით ამ თვეების განმავლობაში. პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს დააბრალოს, თითქოს ისინი კანდიდატის პროცესს ხელს უშლიან.
„ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ამაში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ეხმარებიან. თითქოს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მაინც ჰქონდეს ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. ერთადერთი მთავარი პასუხისმგებელი ამ პროცესში არის მთავრობა, რომელიც არაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ, ნუ ავყვებით „ოცნების“ რუსულ პროპაგანდისტულ ხრიკს, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სრულად მათ ეკისრებათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს და ა.შ. გადააბრალონ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.