გიორგი ვაშაძე: კეზერაშვილთან შეხვედრა არ მქონია, წერტილი - სააკაშვილთან შეთანხმებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავიმარჯვოთ - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, რაც არ უნდა იყეფონ, ჩვენ წინსვლას ვერავინ გააჩერებს

გიორგი ვაშაძე: კეზერაშვილთან შეხვედრა არ მქონია, წერტილი - სააკაშვილთან შეთანხმებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავიმარჯვოთ - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, რაც არ უნდა იყეფონ, ჩვენ წინსვლას ვერავინ გააჩერებს

პარიზში, კეზერაშვილთან შეხვედრა არ მქონია, წერტილი , - ამის შესახებ პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლი“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა მისი და დავით კეზერაშვილის პარიზში შეხვედრის შესახებ.

ასევე, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რამდენიმე ადამიანის განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძემ ჩაანაცვლა, არაფრისგან აჟიოტაჟის შექმნის მცდელობაა.

„რამდენიმე ადამიანს უნდა, რომ არაფრისგან შექმნას აჟიოტაჟი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ გამოუვათ. „სტრატეგია აღმაშენებელს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან მყარი თანამშრომლობა. მომავალში კიდევ უფრო გავფართოვდებით, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. ლევან ხაბეიშვილთან ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. მინდა გავუცრუო იმედი ყველა მის მაკრიტიკებელს, ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ქმედების. მასთან შეთანხმებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად. ხომ იცით, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. რაც არ უნდა იყეფოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, ჩვენ წინსვლას ვერავინ ვერ გააჩერებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გადაცემა „360 გრადუსში“ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ამერიკაში და უკრაინაში კახა კალაძის რუსეთთან დაკავშირებული კორუფციული სქემების შესწავლა მიმდინარეობს.

„არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, უკრაინაშიც ძალიან სერიოზული შესწავლა მიდის კალაძის კორუფციული სქემების რუსეთთან მიმართებაში. თავის დროზე გაზის კონტრაქტი გაუფორმა მაგან რუსეთს. ის რუსეთის გავლენის ერთ-ერთი აგენტი გამოდის საქართველოში და მას კონკრეტული ფინანსური დაინტერესებები აქვს და ამიტომაა, რომ ტენდერებში თუ უტენდეროდ რუსულ კომპანიებს უფორმებს კონტრაქტებს. ეს სერიოზული დაინტერესების ობიექტი რომ არის რიგი ქვეყნების მხრიდან, ეს ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ. ნამდვილად ვამბობ, რომ ეს ასეა, სიღრმისეული შესწავლები მიდის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.