ფულბრაიტი გაძლევს შესაძლებლობას, ისწავლო აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში - სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ფულბრაიტი გაძლევს შესაძლებლობას, ისწავლო აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში - სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურთ, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა დასახული მიზნის განხორციელებაში ეხმარება. ფულბრაიტის კონკურსის გამარჯვებულები აშშ-ში სწავლას სრული დაფინანსებით აგრძელებენ, ასე რომ, ერთი შეხედვით მიუღწეველი ოცნება ნებისმიერი მოტივირებული, ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდისთვის რეალობად შეიძლება იქცეს.

ფულბრაიტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მთელს მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად, საქართველოში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება.

მასში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. გარდა აშშ-ის საელჩოს მიერ შერჩეული სტიპენდიატებისა, საქართველოს ბანკი საკუთარ გამარჯვებულებსაც ასახელებს და მათ აშშ-ში, ორი წლის განმავლობაში სწავლას 100%-ით უფინანსებს.

2024-25 წლის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულებულია. ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვების მსურველებს აპლიკაციის გაგზავნა მაისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ.

წელს ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე 731 აპლიკანტმა შეავსო აპლიკაცია, ჟიურიმ 192 კონკურსანტი შეარჩია, რომლებიც შემდეგ ეტაპებზე გადავიდნენ. აღნიშნულ აპლიკანტებს შორის კი რამდენიმე კანდიდატი შეირჩა, რომლებმაც უკვე გაიარეს გასაუბრება. საბოლოო გამარჯვებული მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს გამოვლინდება და მათ შორის ერთ-ერთს 2024-2025 სასწავლო წელს სწავლას საქართველოს ბანკი სრულად დაუფინანსებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თბილისის გარდა, ფულბრაიტის სასტიპენდიო კონკურში სტუდენტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იღებდნენ მონაწილეობას.

ცოტა ხნის წინ 2023-2024 სასწავლო წლისთვის ფულბრაიტის კონკურსის საქართველოს ბანკის სტიპენდიატები დასახელდნენ, რომლებმაც აშშ-ის სამაგისტრო პროგრამებზე სრული დაფინანსება მიიღეს. ფულბრაიტის პროგრამაზე საქართველოს ბანკის წლევანდელი გამარჯვებულები არიან: მარიამ მალიძე, რომელიც სწავლას Vanderbilt University-ში გააგრძელებს; მარიამ ჟორჟოლიანი, რომელიც Clark University-ში მიიღებს განათლებას და ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც University of Missouri-ში გაემგზავრება. საერთო ჯამში, საქართველოს ბანკის დაფინანსებით 9 სტუდენტი აშშ-ში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა, წელს კი მათ რაოდენობას კიდევ სამი სტიპენდიატი შეემატა.

ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად საქართველოს ბანკი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო და უკვე 10 წელია, ის  კონკურსის თანადამფინანსებელია. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მხრიდან 100%-ით ფინანსდება 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ყველა ძირითადი ტიპის ხარჯს მოიცავს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით გააგრძელოს.

თუ სამომავლოდ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტ, სასარგებლო რჩევებს ამ ბმულზე ნახავ. აშშ-ში სრული დაფინანსებით სწავლის გაგრძელება შეუძლებელი სულაც არ არის. გახსოვდეს, რომ დღეს აღიარებული მწერლები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ეკონომისტები, ფიზიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები ერთ დროს ფულბრაიტის სტიპენდიატები იყვნენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა... სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.