პაატა მანჯგალაძე: არავის ეშინია სახელობითი კენჭისყრის. ჩვენ ისედაც ღიად ვაკეთებთ ყველაფერს

პაატა მანჯგალაძე: არავის ეშინია სახელობითი კენჭისყრის. ჩვენ ისედაც ღიად ვაკეთებთ ყველაფერს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ღია კენჭისყრის არ ეშინიათ, რადგან ამომრჩეველს არაფერს უმალავენ.

„არავის ეშინია სახელობითი კენჭისყრის. ჩვენ ისედაც ღიად ვაკეთებთ ყველაფერს და არაფერს ვუმალავთ ჩვენს ამომრჩეველს. ეს ხომ ვიცით, რომ არის ზემოქმედების საშუალება, ჩვენზე არა, ვიღაცაზე - სხვაზე, ვისზეც კომპრომატი აქვთ, რომ ის გააკონტროლოს ხელისუფლებამ. ეს იგივე მექანიზმია - სურათი გადაიღე, ვის მიეცი ხმაო“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა. პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება. ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი, ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელთა განხორციელებაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება. ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ პოლიტიკოსის მიერ ხმის მიცემა ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.