ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელს არ ახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ებრაულ დასახლებებში ტერორისტები ჯერ კიდევ არიან და ზოგიერთ დასახლებას აკონტროლებენ.
„გატაცებული ადამიანების ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. გარდაცვლილთა რიცხვმა 100 გადააჭარბა. ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე არის დაჭრილი და დაშავებული. ახლა არ იყო ისეთი ფაქტორი, რასაც შეიძლებოდა ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოსევა გამოეწვია. 2021 წლის მაგალითი რომ ავიღოთ, იმ პერიოდში ეს იყო ტაძრის მთაზე რაღაც გარკვეული მოქმედებების ჩატარება, ისრაელის მხრიდან იყო რაღაც ნაბიჯები, რომელსაც მოჰყვა საპასუხო ნაბიჯები და გაფრთხილებით თავდასხმა. მაგრამ ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელს არ ახსოვს“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
როგორც ლაშა ჟვანიამ „ქრონიკაში“ ჩართვის დროს განაცხადა, ისრაელში განვითარებული მოქმედებების შედეგად ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„ყოველ ერთ საათში ინფორმაცია ახლდება. მე როგორც ელჩი, სპეციალური საგანგებო მდგომარეობის ჯგუფში ვარ, სადაც ვიღებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტროდან რა ხდება და როგორ მიმდინარეობს პროცესები“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით, 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.