ირაკლი ზარქუა: როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. აქ შტერი არავინ არის, მინდა ეს ყველამ იცოდეს

ირაკლი ზარქუა: როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. აქ შტერი არავინ არის, მინდა ეს ყველამ იცოდეს

როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობის შენარჩუნება და ეკონომიკის განვითარება, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპეტენტურად მუშაობს.

„რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიასა და დედების დახმარებაზე არ იყო საუბარი. მსჯელობა იყო იმაზე თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორც ჩართონ ამ პროცესში ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ - აქ შტერი არავინ არის, მინდა ეს იცოდეს ყველამ. როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ზარქუამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მანამდე, 18 სექტემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს.