„სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა, განხილვა ივნისში შეჩერდა“

„სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა, განხილვა ივნისში შეჩერდა“

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, დამატებითი შეშფოთების საგანი გახდა სანქციების რეჟიმის შესრულების წესების ცვლილებაც. ამან კი აქამდე ბანკის დამოუკიდებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ფინანსური სტაბილურობის თაობაზე შეშფოთებაც დაუმატა. ფონდი აცხადებს, რომ აუცილებელია პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ წარმომადგენლები საქართველოში ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას თითქმის მთელი წელია გამოხატავენ.

უთანხმოების თაობაზე პირველად 2022 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, როცა ფონდს ეროვნული ბანკის უმაღლეს საზედამხედველო ორგანოში - საბჭოში, აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის ბალანსის დარღვევა აწუხებდა. თუმცა, ამ წლის გაზაფხულზე, ფონდის წარმომადგენლების შეშფოთებას უკვე სტრუქტურული ცვლილებების სამზადისიც დაემატა.

გასული წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა. ივნისში კი საქართველოს ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო მალევე დაძლია.