სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP”, „კომპანია“), ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, მდგრადობასთან დაკავშირებული 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას სასტუმრო „რუმსში“ უმასპინძლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარიგებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სტრატეგიული ინვესტორების წარმომადგენლები. სს საქართველოს კაპიტალის მთავარ სტრატეგიულ ინვესტორებს წარმოადგენდნენ კომპანიის გრძელვადიანი პარტნიორები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ:
o ირაკლი გილაური, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, საქართველოს კაპიტალი;
o ალკის დრაკინოს, კავკასიის რეგიონის დირექტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
o სიუზან გაბური, კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, აზიის განვითარების ბანკი (ADB);
o ნია ბერია, ასოცირებული საინვესტიციო ოფიცერი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB);
o რაფალ გოლებიოვსკი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, რომელთა შორისაც იყო: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის ბოლოდროინდელი და სხვა მსგავსი გარიგების გამოცდილება, კომპანიის და სტრატეგიული ინვესტორების მიზნები მდგრადობასთან დაკავშირებით, ინვესტორთა მოლოდინები და მათი უპრეცედენტო დაინტერესების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა, სს გალტ & თაგარტისა და შპს თიბისი კაპიტალის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონალურ ბაზარზე.