თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული ერთეულის პირველი საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. უწყებაში განმარტავენ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტროში ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ანგარიშის წარდგენა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, რაც თავდაცვის უწყებაში არსებული გამოწვევების ერთიანი ძალით გადაჭრას შეუწყობს ხელს.
სხდომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან 11 თვის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, უწყებას აქვს ორწლიანი გეგმა, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც შეიარაღებული ძალების განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტია. გარდა ამისა, როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, უწყება განსაკუთრებით მეტ დროს დახარჯავს იმ პრობლემებზე, რომელიც სისტემაში არსებობს და რომლის აღმოფხვრა აუცილებელია.
„ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ვსაუბრობთ იმაზე წლის განმავლობაში რისი გაკეთება შევძელით. მაგრამ განსაკუთრებით მეტ დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე, რომელიც სისტემაში არსებობს და რომლის აღმოფხვრა აუცილებელია.
ჩვენ გვაქვს ორწლიანი გეგმა, გვაქვს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც შეიარაღებული ძალების განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტია. ასე რომ, ზუსტად იმ გეგმით მივდივართ, რომელიც ერთი წლის წინ დავსახეთ. ასევე, ვემზადებით ანგარიშისთვის, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარვდგეთ“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. მისი თქმით, შეიარაღებული ძალების განვითარება „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის მიხედვით მიმდინარეობს - შტაბში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა; ეროვნული გვარდია რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციის შემუშავებაზე მუშაობს; კარიერული წინსვლისთვის ახალი საბჭო შეიქმნა; ინტენსიურად მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარება.
შტაბის უფროსმა შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩასართავად წვრთნებს გადის, სახმელეთო ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებებად იყოფა.
გაფართოებულ შეხვედრაზე წლიური ანგარიში წარადგინეს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული ერთეულის, ასევე დაქვემდებარებული ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს შეხვედრა საინტერესეო იყო იმ კუთხით, რომ თავდაცვის მინისტრმა ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად შეფასა 11 თვის მუშაობის შედეგები. როგორც აქუბარდია ამბობს, მნიშვნელოვანი მომენტია ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტრო ანგარიშით წარდგება პარლამენტის წინაშე.
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლიური მოხსენება თავდაცვის სამინტროს პარლამენტისთვის არ ჩაუბარებია. დღეს ეს მზაობა არის და ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც დასახულია კონკრეტული გეგმები. მან ჩაიბარა ანგარიში თითოეული სტრუქტურის ხელმძღვანელისგან.
ამასთან მინისტრმა განაცხადა, რომ მიდის მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახმელეთო ძალების ოპერატიული შტაბების შექმნა, საკმაოდ სერიოზულად მუშაობს თავდაცვის უწყება ისეთ თემაზე როგორიც არის თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, პრემიების თემაზე, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ ხმაურაინი თემა იყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ უწყება განსაკუთრებით მეტ დროს დახარჯავს იმ პრობლემებზე, რომელიც სისტემაში არსებობს და რომლის აღმოფხვრა აუცილებელია, სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ არის როგორც საკადრო, ასევე კვალიფიციური ოფიცრების პრობლემები.
„თავდაცვის უნარიანობაში არის ბევრი მიმართულება, როგორც გადაიარაღების, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, ბევრი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ყოველ შემთხვევაში, სანამ არ გავეცნობით იმ ორ წლიან სტარტეგიულ დოკუმენტს, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა, მანამდე ვერაფერს ვერ ვიტყვი.
ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებას ჯარი სჭირდებოდა საკუთარი მოსახლეობის დასაშინებლად, ახალი მინისტრი და ახალი ხელისუფლება ჯარს ამ მიმართულებით ნამდვილად არ ამუშავებს. ანუ, ეს პრობლემა მოიხსნა. პოლიტიზირებული იყო ჯარი, მათთვის მოსახერხებელი კლანით იყო დაკომპლექტებული სამინისტრო, ეს დამოკიდებულება დღეს არაა. ამიტომ, საჭიროა კონკრეტიზაცია - რა პრობლემებს გულისხმობს თავდაცვის მინისტრი, როცა იგი პრობლემებზე საუბრობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას აკია ბარბაქაძემ.