საქართველოს პრემიერ - მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ - მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო ვითარებაზე რეაგირების თხოვნით მიმართა. 

„მიუხედავად გარკვეული დადებითი დინამიკისა, რომელიც შეიმჩნევა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საქმეში, სამწუხაროდ, მოსკოვი კვლავ აგრძელებს უკანონო მოქმედებებს ოკუპაციის ხაზზე, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონალურ უსაფრთხოებას... მინდა საქართველოს მთავრობის სახელით მივმართო ევროკავშირს: არსებული სერიოზული საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და უზრუნველყოს უკვე შეთანხმებული მიზნების რეალიზაცია ვილნიუსის სამიტისათვის; მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით; გააგრძელოს ქმედითი არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ; მკვეთრად დააფიქსიროს თავისი პრინციპული პოზიცია, რომ დაუშვებელია ჟენევის მოლაპარაკებების დაკნინება არსებული ფორმატის შეცვლის მიუღებელი მცდელობებით..." - განაცხადა პრემიერმა ელჩებთან შეხვედრაზე.