კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ევროპულ ტურნირებში რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების შესახებ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უეფა იყო პირველი სპორტული ორგანიზაცია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგირება მოახდინა და რუსული გუნდები ყველა ევროპული ტურნირიდან მოხსნა, ჩამოართვა სანკტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება, ხოლო ყაზანს - უეფას სუპერთასის მასპინძლობის უფლება, ამასთანავე, გააუქმა სასპონსორო კონტრაქტი „გაზპრომთან“.
თუმცა, უეფაში მიიჩნევენ, რომ ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ ზრდასრულების შეცდომების გამო.
„ფეხბურთმა უნდა გააგრძელოს მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაჟღერება. გაჭიანურებული კონფლიქტის გამო ბავშვების მთელი თაობები კარგავენ უფლებას, ითამაშონ ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე. ამიტომ უეფას აღმასკომმა გადაწყვიტა, დააბრუნოს რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები (გოგონები და ბიჭები) ევროპულ ტურნირებში, მათ შორის უკვე ჩატარებული კენჭისრების შემდეგაც. ამასთანავე, რუსეთის ნაკრებებმა უნდა ითამაშონ ქვეყნის დროშის, ჰიმნის, ეროვნული სიმბოლიკის გარეშე და მათი მატჩები რუსეთის ფარგლებს გარეთ უნდა გაიმართოს“, - აღნიშნულია უეფას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.