ნიკუშა შენგელაია: შეგრძნება მაქვს, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად პასუხისმგებელია სხვა ქვეყნის ლიდერების წინაშე, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ვხედავ, რომ სწორად არ აფასებს რისკებს

ნიკუშა შენგელაია: შეგრძნება მაქვს, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად პასუხისმგებელია სხვა ქვეყნის ლიდერების წინაშე, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ვხედავ, რომ სწორად არ აფასებს რისკებს

შეგრძნება მაქვს, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად პასუხისმგებელია სხვა ქვეყნის ლიდერების წინაშე, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ვხედავ, რომ სწორად არ აფასებს რისკებს, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იგი სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რეალურად ვერავინ გაიგო, პრეზიდენტის გადაწყვეტილება რას ემსახურება, რადგან სამართლებრივად ეს ხელს არ უშლის, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუ ის კრიმინალია ან თუ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, აგოს პასუხი.

ასევე, ვფიქრობ, უფრო მეტად პასუხისმგებელი ის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უნდა იყოს. რაღაც შეგრძნება მაქვს, რომ ის უფრო პასუხისმგებელია სხვა ქვეყნის ლიდერების წინაშე, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ვხედავ, რომ სწორად არ აფასებს რისკებს. ქვეყანა შესაძლოა, რეგიონულ პრობლემებში აღმოჩნდეს, ვხედავთ ჩვენ ამას და უფრო მეტად უნდა იზრუნოს, რომ მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაში. და ჩვენ ვხედავთ, ვისმენთ განცხადებებს იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც კანდიდატის სტატუსს ეხება. მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი უფროსები სხვა ქვეყანაშია“, - აღნიშნა შენგელაიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განაცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.