სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს.
მხარეების განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.
კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში, ასევე განხორციელდება არსებული სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და კომპლექსური ექსპლუატაცია; სპორტულ აქტივობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ფენების მაქსიმალური ჩართვა; ეზოებსა და უბნებში სხვადასხვა ფორმატის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ვოლონტიორული მოძრაობის და ტერიტორიული პრინციპით სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება.
აღნიშნული აქტივობები მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კამპანიაში ჩართული კომპანიების ფინანსური რესურსით განხორციელდება. თბილისის საკრებულო მხარს დაუჭერს ბანკს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოეწყობა, მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.
თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ წარმდგენები აიპ „მომავლის კალათბურთი“, მისი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი და კომპანია „Renew Holding“-ი არიან.
„საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს საქართველოში სპორტული სახეობების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების მთავარი მხარდამჭერია. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ სპორტის განვითარების და ახალი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.