გუშინ შექმნეს რაღაც ჭიქაში ქარიშხალი არაფრიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან იდეალური სურათი მიიღო.
„საბოლოო ჯამში რა შედეგი მივიღეთ - ერთი, რომ პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან ეს სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება - არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს. დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იყო შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია, არის ასეთი გამოთქმა. ამ შემთხვევაში ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის ისეთ დებულებებს ეწინააღმდეგებოდა, როგორებიცაა საკუთრების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია.