დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა. აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა პროექტის ხიდგამდები „კავკასიონი - 07" AVLB -- T72 MLC -- 85 პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და სხვა მეცნიერები დაესწრნენ.
ელგუჯა მეძმარიაშვილმა სამხედრო-საინჟინრო სფეროში ხიდების მნიშვნელობაზე, მათ ძირითად სახეობებსა და სპეციფიკაზე ისაუბრა. მან ყურადღება საიერიშო ხიდის პრინციპსა და დანიშნულებაზე გაამახვილა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიერიშო ხიდის პროექტის ერთობლივად განხორციელება შესთავაზა. როგორც ბატონმა ელგუჯამ განაცხადა, ესკიზური პროექტის მომზადება დაახლოებით სამ თვეში იქნება შესაძლებელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარმოდგენილი პროექტი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მას უახლოეს მომავალში განახორციელებენ.
აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის შეფასებით, აღნიშნული ხიდი მოხერხებული და მორგებული კონსტრუქცია იქნება, რომელიც გამოგვადგება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საჯარისო სხვადახვა ქმედების დროს. მისი აზრით, კონსტრუქციამ შესაძლებელია საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვოს.
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს.