პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩოხატაურში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ომის პარტიის წარმომადგენლები აიგივებენ დაპირისპირების დეტალებს და ჩემს მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომელიც არაფერ შუაშია. ამ ამბავს იქ, ადგილზე მოჰყვა პროვოკაციული მოქმედებები. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ კანონის მუხლი წაეკითხათ, არავის უხსენებია ეს და პიარულ დეტალებზე აკეთებდნენ აქცენტებს. ჩოხატაურში, ჩოხატაურელებმა რომ არ იკადრეს, სხვა რაიონიდან ჩაიყვანეს მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] აქტივისტები რომ გაეპროტესტებინათ [სკვერში ბანკის მშენებლობა]. იქ იყო სხვათა შორის შეჯერებული აზრი, რომ ბანკის მშენებლობა კარგი იქნებოდა. შეიძლება რაღაც ადგილზე ბანკის მშენებლობა მართლაც იყოს კარგი, მაგრამ ამავდროულად, არავის გაახსენდა სამწუხაროდ, ამას პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს კანონი სივრცითი დაგეგმარების შესახებ, ბევრი ვიმუშავეთ წლების წინ, საბოლოო ჯამში მივიღეთ და იქ წერია, რომ სკვერში და მსგავს ადგილებში არ შეიძლება ისეთი შენობა-ნაგებობების აშენება, რომელიც არ არის საერთო სარგებლობის და განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე. ანუ ერთი განმარტება საკმარისი იყო, რომ პროვოკაციებისთვისაც თავი დაენებებინათ, საკრებულოს არ გადაეტანა მერიამდე. მერია ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას ვერ მიღებდა, რადგან ეს არის კანონის უხეში დარღვევა, მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია გამორიცხული და შეუძლებელია და ამ კანონიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერში, ჩოხატაურში, ბანკის შენობა ვერ აშენდება და ვერ გასხვისდება ეს ადგილი ამისათვის“ , - განაცხადა მდინარაძემ.
დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში 3 სექტემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას, საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ. მათი ინფორმაციით, პარტიის წევრებს, ქართული ოცნების მიერ დაორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის მერი.