ნატოს ხელმძღვანელობაში, ასეთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება არ კეთდება შემთხვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიო დღის წესრიგის გადანაწილება.
„სამწუხაროდ, ამ ომში, რომელიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საზიანოა უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, ხელს ითბობენ აბსოლუტურად სხვა ქვეყნები და ძალები. ეს მოცემულობაა. ნატოს ხელმძღვანელობაში, ასეთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება არ კეთდება შემთხვევით. ეს წამოცდენაც არ არის და გათვლილია იმ შორს მიმავალ გეგმებზე, რაც ომის პარტიის ხელმძღვანელებს გააჩნიათ. მათ სურთ ომი უკრაინაში და სურთ, რომ მეორე ფრონტი საქართველოში იყოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.