პოლონელმა სამართალდამცველებმა რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ვარშავასა და კრაკოვში „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის პროპაგანდისტულ პოსტერებს ავრცელებდნენ. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
რუსეთის ორი მოქალაქე ჯაშუშობის მუხლით ჰყავთ დაკავებული. მიმდინარე თვის დასაწყისში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გაავრცელა გაფრთხილება, რომ „ვაგნერის“ ჯგუფმა, შესაძლოა ქვეყანაში დივერსიული ქმედებები ჩაიდინოს.
ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ნაწილი, რუსეთში ხანმოკლე ამბოხის შემდეგ, ბელარუსში გადავიდა, რამაც მეზობელი პოლონეთის შეშფოთება გამოიწვია.