პაპუნა გამყრელიძე: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, პარალელურად, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება სოფელ გლოლასთვის სასმელი წყლის აღდგენა

პაპუნა გამყრელიძე: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, პარალელურად, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება სოფელ გლოლასთვის სასმელი წყლის აღდგენა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, პარალელურად, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება აღნიშნულ მიმართულებაზე სასმელი წყლის მილის მოთავსება, რომ სოფელ გლოლას აღუდგეს წყალი, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

მისი თქმით, შოვში შესაბამისი სპეცტექნიკა გადანაწილებულია, ფაქტობრივად, მთელ პერიმეტრზე.

„ამ ეტაპზე 100-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული, საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ ყოველდღიურად დამატებას. ამ ეტაპზე ვართ სრულად მზად ყველა დავალებისათვის, ტექნიკასთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არის, საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურად შემოდის სპეცტექნიკები. პირველი მითითება იყო, რომ კომუნიკაცია აღდგენილიყო მჟავე წყლების მიმართულებით, რაც გაუვალია, კომუნიკაციები აღდგენილიყო შიდა პერიმეტრზე, სადაც უნდა მომხდარიყო შესაბამისი ჯგუფის გადაადგილება, ამ მიმართულებით ყველგან დროებითი გზებია მოწყობილი.

როგორც იცით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა კოორდინირებულად არის ჩართული ამ პროცესში, ჩვენ გვაძლევენ მითითებებს, კონკრეტულ საკითხებს. რაც შეეხება ქვათაცვენას, შესაბამისმა სამსახურმა განმარტა მისი გამომწვევი მიზეზები, ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული მითითებები, ვიცით, რომ მყინვარზე ხდება უწყვეტ რეჟიმში დაკვირვება, თუ რაიმე ხმაური ან ზეგავლენა იქნება, გვეცოდინება, ამასთან მიმართებაში სამძებრო სამუშაოები ყველა სამსახურის მიერ ხდება უწყვეტად“, - განაცხადა გამყრელიძემ.