არცერთ თანამშრომელს არ ეჯერა, რომ ასეთი მასშტაბების ტრაგედია შეიძლება მომხდარიყო რაჭაში. მეხანძრე-მაშველებს გავლილი გვაქვს სპეციალური გადამზადება, მაგრამ ამ ემოციების დავიწყება შეუძლებელია, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების ოფიცერმა დავით სხილაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პირველივე წამებიდან და წუთებიდან რაჭის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების ჩართულობამ მოგვცა ის შედეგი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით.
„არცერთ თანამშრომელს არ ეჯერა, რომ ასეთი მასშტაბების ტრაგედია შეიძლება მომხდარიყო რაჭაში. პირველივე წამებიდან და წუთებიდან რაჭის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების ჩართულობამ მოგვცა ის შედეგი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით. დაიწყო ფრენებით ცოცხალი ადამიანების გადაყვანა, რომ გამოგვეყვანა ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილზე, მათთვის შეგვექმნა უსაფრთხო გარემო და ძალიან მალე დაგვებრუნებინა ისინი თავიანთი ოჯახებისთვის. ჩამოსვლისთანავე ჩანდა, მოსახლეობას ეტყობოდა, სახეზე ეწერათ ის ძალიან დიდი ტკივილი, რაც მათ განიცადეს. ძალიან რთულია იმ სამუშაოს შესრულება, რისი გაკეთებაც ჩვენ გვიწევს. როდესაც ნანგრევებში, ასევე მეწყრული მასის ქვეშ მოყოლილი მცირეწლოვანის სხეულს ათავისუფლებ მიწისგან. ამას ძალიან დიდი ფიზიკური და სულიერი გამძლეობა სჭირდება. ოჯახები ჩვენც გვყავს, ჩვენც უბრალო ადამიანები ვართ და ის განცდილი ტკივილი, რაც თან სდევს ასეთ სამუშაოებს, არის დაუვიწყარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მეხანძრე-მაშველებს გავლილი გვაქვს სპეციალური გადამზადება, ამ ემოციების დავიწყება შეუძლებელია“ - განაცხადა დავით სხილაძემ.