სამწუხაროდ, სტიქიასთან ერთად ამ დღეებში გვიწევდა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა თავისუფლად შეიძლება შეფასდეს ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმად, რომლის მიზანიც სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.