7 აგვისტოს თარიღი ჰააგაშიც, სტრასბურგშიც და ყველგან იყო რუსული პოზიცია, რომ ვითომ საქართველომ ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა ცხინვალის მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბების დაბომბვით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მრჩება წარმოდგენა, რომ თქვენ ან წარმოდგენა არ გაქვთ და აზრზე არ ხართ რა იყო რუსული სახელმწიფოს პოზიცია საერთაშორისო სამართლებრივ დავებში ან შეგნებულად იტყუებით. რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიცია საერთაშორისო სამართლებრივ დავებში იყო ის, რაც წერია რეზოლუციაში, რომელზეც სამწუხაროდ, ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. იყო პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველომ 7 აგვისტოს ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა ცხინვალის მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბების დაბომბვით. 7 აგვისტო - ეს იყო ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ყველგან რუსული პოზიცია. რუსეთის მიერ საქართველოსვე ტერიტორიაზე შემოჭრა იყო საოკუპაციო, დანაშაულებრივი რეჟიმის საქართველოს მიმართ განხორციელებული ძალადობა და 7 აგვისტოს ომის დაწყება სამწუხაროდ უკავშირდება რეზოლუციას, სადაც ფიქსირდება, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის დიდი ბოროტება ამაზე, რომ ხელს მოაწერ, ეს არის საქართველოს ღალატი“,- აღნიშნა მდინარაძემ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.