მამუკა მდინარაძე: თბილისიდან რთულია იმის აღქმა, რამხელა უბედურება დაატყდა აქაურობას თავს და რამდენად დიდი სამუშაოები ტარდება - ახლა მთავარი საზრუნავია, რომ უმოკლეს დროში ადამიანები მოიძიონ

მამუკა მდინარაძე: თბილისიდან რთულია იმის აღქმა, რამხელა უბედურება დაატყდა აქაურობას თავს და რამდენად დიდი სამუშაოები ტარდება - ახლა მთავარი საზრუნავია, რომ უმოკლეს დროში ადამიანები მოიძიონ

თბილისიდან რთულია იმის აღქმა, რა მასშტაბია, რამხელა უბედურება დაატყდა აქაურობას თავს და რამდენად დიდი სამუშაოები ტარდება. ჯერ ინფრასტრუქტურაზე არაა საუბარი. ჯერ საუბარია იმაზე, რომ უმოკლეს დროში ადამიანები მოიძიონ. ეს არის მთავარი საზრუნავი ახლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„მძიმე სურათია, ერთი მხრივ, რასაც ვხედავთ, და მეორეა ის, თუ რას ვისმენთ უშუალოდ ამ ადამიანებისგან, რომლებთანაც წეღან მომეცა გასაუბრების საშუალება. ვფიქრობდი, რომ ცოტა გამიჭირდებოდა ეთერში ჩართვა, იმიტომ რომ როცა ვუსმენ გიორგი დუდაშვილს, რომელიც ორ შვილს ეძებს აქ და ამ ამბებს გიყვება, წარმოუდგენელი ამბავია. მძიმე სიტუაციაა, უღრმესი მადლობა ჩვენს მაშველებს ყველაფრისთვის, იმიტომ რომ თითოეულ სანტიმეტრს დაკვირვებით ამუშავებენ, რომ ცხედრებს მიაგნონ. მუშაობენ თავდაუზოგავად, დღეს და ღამეს ასწორებენ, უღრმესი მადლობა მათ. ზოგადად, თბილისიდან რთულია იმის აღქმა, რა მასშტაბია, რამხელა უბედურება დაატყდა აქაურობას თავს და რამდენად დიდი სამუშაოები ტარდება. ჯერ ინფრასტრუქტურაზე არაა საუბარი. ჯერ საუბარია იმაზე, რომ უმოკლეს დროში ადამიანები მოიძიონ. ეს არის მთავარი საზრუნავი ახლა. დანარჩენს მერე ნელ-ნელა თანმიმდევრულად მიჰყვებიან“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ქვეყნის ტერიტორიაზე 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.