„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება, აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სტიქიის გამაფრთხილებელი სისტემა გაუმართავი იყო და რაღაცამ არ იმუშავა, სიცრუეა, უბრალოდ არ არსებობს ისეთი სისტემა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მოვლენის შესახებ წინასწარ მისცემს გაფრთხილებას სპეციალისტებს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შოვში.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში 20-მდე მონიტორინგის სხვადასხვა ობიექტია დაყენებული, მათ შორის წყალმზომები. ვალდებულებები აქვთ კერძო კომპანიებს, როდესაც გარკვეულ ობიექტებს აგებენ, იქნება ეს ჰესი, თუ ა.შ. მსგავსი ობიექტების დაყენების. 2014 წელს, როდესაც არაფერი არსებობდა და თუ რამე არსებობდა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ისიც განადგურებული იყო, მოუწია ხელისუფლებას და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს ნულიდან, აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ და ეს სისტემა ყოველწლიურად განევითარებინათ. 200-მდე ობიექტია ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში და ამ რეგიონში 20 ასეთი ობიექტი არსებობს. ბოლო დღეების განმავლობაში დასკვნაზე, რომელიც თქვენც იცით, ამის საფუძველზე როდესაც მუშაობდნენ გეოლოგები, ჰიდროლოგები მათ შორის, გამოითხოვეს ერთ-ერთი ობიექტიდან წყალმზომების მონაცემები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა იმ 15-წუთიანი მონაკვეთისა, რომლის დროსაც უსწრაფესად განვითარდა მოვლენები, სხვადასხვა მოვლენის დამთხვევის ფონზე, არცერთ სხვა წუთს წინა დღეების განმავლობაში არ ყოფილა დაფიქსირებული წყალმზომებზე ან მატება, ან კლება. ეს არის გამოთხოვილი მონაცემები და ეს შეიძლება დოკუმენტურად მოითხოვოთ და ნახოთ. თუმცა არსებობს მეწყრული პროცესები და მსოფლიოში სამწუხაროდ არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც წინასწარ ამ თანხვედრასაც დაამთხვევს და პრევენციას გაუკეთებს. ის სისტემა, რაც არსებობს, 200-მდე ობიექტი, რა თქმა უნდა, გამართულია და მომავალში ამას კიდევ ერთი 200 შეიძლება დაემატოს. თუ ახლა ვინმე ამბობს, რომ რაღაც არ იყო გამართული და არ იმუშავა, აბსოლუტური სიცრუეა და ყველას ვთხოვ, ტელევიზიებსაც, რომ ასეთი ნარატივები, ცრუზე მაქვს საუბარი, თორემ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, გავაქროთ ასეთი ტრაგედიების ფონზე მაინც“, - განაცხადა მდინარაძემ.