კახა კალაძე: უნდოდათ, რომ ჩემ მიმართ გამოეწვიათ სიძულვილი, აეგორებინათ ცრუ ინფორმაცია ჩემი ოჯახის მიმართ, რომ თურმე როგორი ნაძირალა ვარ, როგორი ბოროტი ვარ

კახა კალაძე: უნდოდათ, რომ ჩემ მიმართ გამოეწვიათ სიძულვილი, აეგორებინათ ცრუ ინფორმაცია ჩემი ოჯახის მიმართ, რომ თურმე როგორი ნაძირალა ვარ, როგორი ბოროტი ვარ

იკვეთება, რომ პოლიტიკური მოტივებით, მიზანმიმართულად ხდებოდა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება. ასაუბრებდნენ ადამიანს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, ეძებს დაკარგულ ოჯახის წევრებს და მესმის ამ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, უმძიმესია. უბრალოდ რთულია შეაფასო სიტყვებით იმ ქალბატონის მდგომარეობა, მაგრამ როდესაც შენ გქვია ჟურნალისტი და ხარ ტელევიზიის წარმომადგენელი გაქვს ვალდებულება, მინიმუმ გადაამოწმო ინფორმაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მათი მხრიდან იყო სურვილი, რომ ეს ინფორმაცია იმ ფორმით გაეჟღერებინათ, რა ფორმითაც გააჟღერეს იმისთვის, რომ ჩემ მიმართ გამოეწვიათ სიძულვილი, აეგორებინათ ცრუ ინფორმაცია ჩემი ოჯახის მიმართ, რომ თურმე როგორი ნაძირალა ვარ, როგორი ბოროტი ვარ. გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი იმისთვის, რომ ჩემი შვილები გადამერჩინა და გამომეყვანა სტიქიის ზონიდან. მე უბრალოდ ადამიანურად, სრულია გულწრფელად ვამბობ, ვერ წარმომიდგენია საქართველოში თუ არსებობენ ისეთი ადამიანები ვინც ამგვარ ქმედებას ჩაიდენდნენ. დავანებოთ თავი ყველანაირ პოლიტიკას, ყველანაირ პოლიტიკურ შეხედულებებს, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და როდესაც ადამიანების თავში იხარშება ასეთი ბოროტება, ასეთი სიძულვილი, ეს ძალიან დამაზიანებელია. მინდა იცოდეს ყველამ, რომ ეს პირველ რიგში დააზიანებს მათ, ვინც ასეთ სიბოროტეს ჩადის და ასეთ უნიჭო ჭორებს მიზანმიმართულად ავრცელებს“, - განმარტა კახა კალაძემ.

„ქრონიკამ“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ Sunset Shovi-ს ტერიტორიის დატოვების ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა.