თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ სულ რაღაც ერთი საათით რომ დაეგვიანებინათ მის შვილებს შოვის დატოვება, სრული კატასტროფა იქნებოდა და ბეწვზეა გადარჩენილი.
„ჩემი შვილები ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ შოვში. იმ დღეს [3 აგვისტოს] უნდა წამოსულიყვნენ. ჩავიდა მანქანები და 3 იყო დაწყებული წამოვიდნენ და დატოვეს აღნიშნული სასტუმრო. ყოველწლიურად ვსტუმრობდით შოვს, მართლაც ულამაზესი ადგილი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი უბედურება მოხდა. შეიძლება ადამიანებმა ტელევიზიით და კადრებით ვერ აღიქვან უბედურების ის მასშტაბები, რაც იქ ტრიალებს. ფაქტობრივად შოვი აღარ არსებობს. 4-5 მეტრის, ზოგ ადგილებში უფრო მეტი სიმაღლის ღვარცოფით არის დაფარული. უმძიმესი მდგომარეობაა. ჩემთვის იყო ძალიან დიდი შოკი, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღე, კადრები ვნახე , ბეწვზე ვარ გადარჩენილი. გულწრფელად ვამბობ ამას. სულ რაღაც ერთი საათი რომ დაეგვიანებინათ წამოსვლა [ბავშვებს], სრული კატასტროფა იქნებოდა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. არ ვიცი რა სიტყვები შეიძლება ვუთხრა ამ ადამიანებს და ოჯახებს ამ რთულ ვითარებაში. მესმის და შევდივარ ამ ადამიანების მდგომარეობაში. სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ, რაჭას, რაჭველებს ამ უდიდეს ტრაგედიას“, - განაცხადა კალაძემ.