ადგილობრივმა, ვასილ გობეჯიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ სტიქიის ზონაში დიდი ოდენობით ტექნიკა მუშაობს და მთავრობა შედეგების სალიკვიდაციოდ ბევრ რამეს აკეთებს.
„ვინც დაიკარგა და დაიღუპა, ყველა ნაცნობია. ჩვენი ბიჭები, მეზობლებიც დაიღუპნენ. ბევრი დაიღუპა და ნაცნობია ჩვენი. ერისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედიაა. ასეთი ტრაგედია, ალბათ არც მომხდარა საქართველოში. ტექნიკა მუშაობს. მთავრობა ბევრ რამეს აკეთებს. აღარ ეტევა, იმდენი ტექნიკა მოიყვანეს და რა ქნას ახლა მთავრობამ?! რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა მეტი? რა იცოდა, რა მოხდებოდა. მთელი მთა წამოვიდა“, - განაცხადა ადგილობრივმა, ვასილ გობეჯიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.