უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო მე-12 გარდაცვლილის ოჯახს. 24 ადამიანთან არაა დამყარებული ამ დრომდე კონტაქტი. ზოგადად მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, თავდაცვის ძალებს, რომლებიც ფიზიკურად ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ ტერიტორია გაწმინდონ, მოახდინონ შესაბამისი კონსტრუქციების მოწყობა, მალე ხიდიც მოეწყობა, გადასვლები უკვე არის შესაძლებელი შესაბამისი ტექნიკით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების შტაბის ხელმძღვანელს, პაპუნა მარგველიძეს, ასევე ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის სამინისტროებს. ყველა არის დღეს მობილიზებული ამ საკითხის გარშემო. რაც შეეხება ძებნის პროცესს, ლოკალიზებულია კერები, სადაც წინა დღესაც რამდენიმე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ადგილი, სადაც მიიტანა გარკვეული კონსტრუქციები და იმ ადგილას მიმდინარეობს განსაკუთრებული ძებნა. საკმაოდ პროფესიონალურად მიჰყვებიან ჩვენი მაშველები სამძებრო საქმიანობას. ასევე მინდა გადავუხადო მადლობა წითელ ჯვარს და ჯანდაცვის სამინისტროს. მინდა ასევე ვთქვა, რომ ახლა არ არის აქციონიზმის დრო პოლიტიკოსებისთვის. ყველაფრით არიან უზრუნველყოფილი არა მხოლოდ დაზარალებულების ოჯახის წევრები, არამედ აქ მომუშავე ადამიანებიც - მათ შორის სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგების დახმარება. მაშველებს უტარდებათ აცრები ტეტანუსზე, თუკი ხდება დაზიანების მიღება. სრულად არის ყველაფერი უზრუნველყოფილი. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ახლა ვუგულშემატკივროთ მაშველებს და ვენდოთ მათ პროფესიონალიზმს“, - აცხადებს პაპუაშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული, 24 ადამიანს კი ეძებენ.