ბატონ პაატა მანჯგალაძესა და ქალბატონ თინა ბოკუჩავას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩაერთონ იმ პროცესებში, რასაც კანონმდებლობის აღდგენა ჰქვია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს სტიქიის ზონაში განუცხადა.
„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს: ქალბატონ თინა ბოკუჩავასა და პაატა მანჯგალაძეს, მაია ბითაძეს კი ნუ ებრძვიან ამ შემთხვევაში, არამედ მოისმინონ ის, რაც მაია ბითაძემ და ჩვენმა ექსპერტებმა თქვეს. ეს იყო პასუხი იმ ბრალდებაზე, რაც ჩვენ გიორგი ვაშაძის მხრიდან ხელისუფლების მისამართით მოვისმინეთ, რომ არაფერი კეთდება-თურმე. ბატონ პაატას და ქალბატონ თინას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ იმ პროცესებში, რასაც კანონმდებლობის აღდგენა ჰქვია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის. თუმცა, ხანდახან ხდება ისეთი გეოლოგიური და ბუნებრივ-სტიქიური მოვლენები, რომლის წინააღმდეგ ადამიანის ძალისხმევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ასე ხდება საქართველოშიც და ყველა სხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ბითაძემ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.