ჩინურ ინვესტიციებში არა თუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, მივესალმებით. სწორედ ამიტომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე წლებია მუშაობს და ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, უპასუხისმგებლოა.
„ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩინეთი არის საფრთხე საქართველოსთვის. არასერიოზულია. ეს ქვეყანა ასე ცხოვრობს წლებია, უბრალოდ დღეს ოპოზიცია და მათი ექსპერტები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ჩინეთის როლზე, ჩვენს ურთიერთობაზე, ფიქრობენ იმაზე, რომ ოღონდ რამე თქვან ცუდი. იმაზეც კი მიდიან, რომ ჩინეთზე საუბრობენ როგორც საფრთხეზე, რაც არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. არ ვიცი, ვინ კარნახობს ამ მესიჯებს ჩვენს ოპოზიციას ყურში, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ინტერესში ნამდვილად არ შედის ის, რასაც ოპოზიცია საუბრობს - რომ ჩინეთი არის საფრთხე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.