ენერგოსექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რაც სისტემას დამატებით სიმძლავრეებს მოუტანს

ენერგოსექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რაც სისტემას დამატებით სიმძლავრეებს მოუტანს

საქართველოს ენერგოსექტორში რამდენიმე მიმართულებით რესურსების ათვისებისა და გამოყენების პროექტების განხორციელება იწყება. ეს ეხება როგორც ჰიდროსადგურების რეაბილიტაციას, ასევე ახალი მძლავრი თბოსადგურების აშენებას. პროგრამები რამდენიმე წლიანია და მათი დასრულების შემდეგ ენერგოსეტორს დამატებითი სიმძლავრეები შეემატება.

გარდაბანი-3-ის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ჩაატარა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო ამჟამად ეძებს ინვესტორს, რომელსაც გადასცემს პროექტის მიწას და არსებულ კვლევებს 2.45 მლნ აშშ დოლარად. პროექტის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 350-430 მგვტ-ია, ხოლო მინიმალური ეფექტურობის მოთხოვნა - 56%.

სატენდერო დოკუმენტაციაში დაკონკრეტებულია ასევე პროექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ინვესტორს აქვს საკმაო მოქნილობაც. დაინტერესებულმა ინვესტორებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე, მათ შორის ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისი გამოცდილება, ტექნიკური და ფინანსური შეთავაზება პროექტის განხორციელებისთვის და დაფინანსების გეგმა.

შერჩეული ინვესტორი მიიღებს წვდომას მიწაზე, ბუნებრივ აირზე, გაგრილების წყალზე, გადამცემ ქსელზე და გარანტირებული სიმძლავრის მიმწოდებლის სტატუსს.

„ეს სტატუსი ნიშნავს, რომ პროექტს დაუწესდება გარანტირებული სიმძლავრის დღიური საფასური საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისგან (სემეკ), რაც დამატებითი შემოსავალია პროექტისთვის, გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ზემოდან. სემეკის სატარიფო მეთოდოლოგია ნებისმიერი საწყისი და მომავალი ინვესტიციაზე ნორმალიზებული უკუგების მიღების გარანტიას იძლევა“, - ნათქვამია „გალტ & თაგარტის“ მიმოხილვაში.

მძლავრი თბოელექტროსადგურის შემატება ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალს გააძლიერებს და გარდა ამისა, არსებულ სისტემაშიც არის რეზერვები, რომლის სრულფასოვნად გამოყენება ენერგესექტორს დიდ შეღავათას მისცემს. ასეთია ენგურჰესი და მისი მორიგი რეაბილატაციის პროგრამა.

43 წლის წინ ექსპლუატაციაში შესული ენგურჰესი კიდევ ერთხელ გაჩერდება. მიზეზი დანადგარის რეაბილიტაციაა, რომელიც 3-წლიანი ვადით განისაზღვრა. შესაბამისი განაცხადი ფინანსთა სამინტროში უკვე შესულია და რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპი 35 მლნ ევროდაა შეფასებული.

მიმდინარე ეტაპზე ფრანგული კომპანია კაშხლის მდგომარეობას აფასებს. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს ხელძღვანელის ლევან მებონი განცახდებით, სწორედ ამ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთება რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

„გვირაბშიც არის გარკვეული სამუშაობი დარჩენილი, რომელიც ვერ მოვასწარით წინა გაჩერების დროს, რადგან 3-თვიანი გაჩერება ამხელა გვირაბის რეაბილიტაციისთვის ძალიან მცირე პერიოდია, ამიტომ ვფიქრობთ, 2025-2026-ში გავაჩეროთ კიდევ ერთხელ და დარჩენილი სამუშაოები დავასრულოთ, რაც ისევ მოგვცემს დამატებით ენერგიას და ვფიქრობ, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში გვირაბს გაჩერება აღარ დასჭირდება“ - აღნიშნა ლევან მებონიამ „ენერგონიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ დარჩენილია რამდენიმე მოძველებული მოწყობილობა, რაც შესაცვლელია.

„მაგალითად, ღია ქვესადგურის დაცვის ავტომატიკის და მართვის მოწყობილობები, საგენერატორო ამომრთველები, რაც ძალიან ძვირადღირებული და მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ დიდი კაპიტალდაბანდებები აღარ დაგვჭირდება, თუმცა ეს იმხელა ობიექტია, როდესაც ერთ კვანძს მორჩები და შემდეგ სხვებზე გადახვალ, იმდენი დრო გადის, უკვე მისი თავიდან შეკეთების დროც დგება. პირველი რეაბილიტირებული აგრეგატი ქსელში ჩავრთეთ 2006 წელს. უკვე 17 წელი გავიდა. ეს მუდმივი სამუშაოა“, - თქვა მებონიამ.

ჯამში, რეაბილიტაციის მომდევნო პროექტი მოიცავს სამშენებლო, ჰიდრომექანიკურ, ელექტრულ სამუშაოებს, კაშხლის ირგვლივ და სადგურთან გზების მოწყობა-რეაბილიტაციას, აფხაზეთში უცხოელი კონსულტანტების მომსახურებას და ზოგიერთი ახალი მოწყობილობის შეძენას.