„როდესაც თავად აღიარებს ექიმი, რომ დიახ, მას სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა ჩუმად გაჰქონდა; როდესაც ეს ექიმი აღიარებს, რომ დიახ, უნდოდა თავის ლაბორატორიაში ჩაეტარებინა კვლევა; როდესაც, „ვივამედის“ ხელმძღვანელობა ამას ადასტურებს, მეტი რა ფაქტებია საჭირო?“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა შესაბამისი უწყებების ეფექტური ჩართულობა, მსოფლიო მორიგ მცდარ ინფორმაციას გაიგებდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.
„შესაბამისი უწყების თანამშრომლებს მადლობა ეკუთვნით, რომ ეს ამაზრზენი ფაქტი აღმოაჩინეს. სხვა შემთხვევაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა - ორ დღეში გავიგებდით, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო კლინიკამ როგორ დაადგინა, რომ თურმე სააკაშვილი მოწამლულია. ამ დროს კი, წინდით იქნებოდა მასალა გატანილი ერთ-ერთი პოლონელი ექიმის მიერ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - პოლონური წინდების რეკლამა რომ არ ჰქონდა მიზნად ამ ადამიანს, ხომ ცხადია? ეს ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, გაყალბებას, რადგან იგივე ნიმუში ოფიციალურად გაჰქონდათ უკვე.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.