ბელგიურ მხარესთან მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. კითხვა ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებას ეხებოდა.
„ის ჩანაწერი, რაც დოკუმენტში არსებობს, არ იძლევა დამატებით ინფორმაციას და გაურკვევლობასაც კი იწვევს გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს არ ჩანს ბელგიის ერთიანი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბელგიის შესაბამის უწყებებთან მუშაობა და სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.