ყველას შეიძლება გვედოს რაღაც, სადღაც რაღაცისთვის. რომელი მასალა, თქვენ ნახეთ რომ ეს მასალა იყო?, - ასე უპასუხა გიული ალასანიამ ვივამედში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. საუბარია მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე, რა დროსაც პოლონელმა მედიკოსმა კლინიკიდან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანა მალულად სცადა.
„საერთოდ არ მქონია კონტაქტი არც იმ პოლონელებთან, არც საელჩოსთან, ასე რომ მე ვიცი მხოლოდაც ის, რაც ვნახე ტელევიზორით. ყველას შეიძლება გვედოს რაღაც, სადღაც რაღაცისთვის. რომელი [ბიოლოგიური] მასალა, თქვენ ნახეთ რომ ეს მასალა იყო? მე რაც დავინახე, ცარიელი ქაღალდის ნაგლეჯია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.