ირაკლი კობახიძე დეგნანზე: დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე დეგნანზე: დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით

დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები, მადლობა ღმერთს, და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შსს-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალადობა თავიდან ყოფილიყო არიდებული და მათი დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა. აქედან გამომდინარე, შს მინისტრს ეკუთვნის მადლობა და მე არ მგონია, რომ ეს შეფასება იყოს სწორი, რაც კონკრეტული დიპლომატის მხრიდან გაკეთდა. რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ერთი, რომ ელჩის საქმე არ არის ვინმესთვის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერის შესახებ, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. თუ საუბარია დაჭერაზე, ჯერ რიგი 7-8 მარტის მოძალადეებს უწევთ ქრონოლოგიურად და მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები, მადლობა ღმერთს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ თემასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა კობახიძემ.

„პრაიდ-ფესტივალთან“ დაკავშირებით ამერიკის ელჩი სამართალდამცველთა ქმედებებს აკრიტიკებს. კელი დეგნანი შსს-ს მიერ გაცემულ დაპირებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციას შესაბამისი პასუხი არ ჰქონია.

ამერიკელი დიპლომატი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენების გამო და ამბობს, რომ მოქალაქეებზე თავდასხმა კოოორდინირებული სერია იყო.