სააპელაციო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.
სხდომაზე პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.
სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდნენ.