არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, ვერცერთი ელჩის განცხადება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის

არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, ვერცერთი ელჩის განცხადება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არა სანქციები, არამედ ორი პირობის შესრულება სჭირდება, რომ მიიღოს მკურნალობა რასაც ექიმები უნიშნავენ და აღადგინოს სრულფასოვანი კვება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი ელჩების ერთობლივ განცხადებას.

„ევროპაში ყველაზე სანდო საერთაშორისო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები პატიმრობაში და მას სათანადო სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან მიეწოდება. ეს არის ფაქტი და ვერცერთი ელჩის განცხადება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არა სანქციები, არამედ ორი პირობის შესრულება სჭირდება, რომ მიიღოს მკურნალობა რასაც ექიმები უნიშნავენ და აღადგინოს სრულფასოვანი კვება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამერიკის ყოფილი ელჩების გაფრთხილება საქართველოს მთავრობას - უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სანქციებს არ გამორიცხავენ. ყოფილი ელჩები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებებზე, ქართველი ექსპერტების დასკვნებსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე და არ გამორიცხავენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებს საფრთხე შეექმნას.

გარდა ამისა, მათი შეფასებით, ეს კრიზისი სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას.